პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ამბობს, რომ სანამ სუს-იდან გაჟონილი მასალების ავთენტურობა არ დადასტურდება, სუს-ის უფროსი არ უნდა გადადგეს.
"სამწუხაროდ, იმ რეალობის წინაშე ვდგავართ ბოლო პერიოდში, თუ რამე ხდება, პირველი რაც არის, თანამდებობის დატოვების მოთხოვნაა. არ შეიძლება ყველაფერზე პირველი რეაქცია იყოს „დატოვოს თანამდებობა“, სანამ ჯერ არ ვიცით, რეალობა რაში მდგომარეობს. გამოძიების დადგენის შემდეგ იქნება შესაბამისი ზომები მიღებული ყველა კანონდამრღვევის მიმართ, თუ ასეთი ფაქტი დადასტურდა. დღეს არის იმის საშუალება, რომ ეს მასალა გამოყენებული იქნას სხვადასხვა მიზნებისთვის და სპეკულაციებისთვის, ამიტომ უნდა დადგინდეს ავთენტურობა". - თქვა კუჭავამ.
მას შემდეგ, რაც სუს-ის ფაილები გავრცელდა, გრიგოლ ლილუაშვილი მედიასთან დღეს პირველად გამოჩნდა. თუმცა, ის ჟურნალისტებთან კომენტარის გასაკეთებლად არ გაჩერებულა. მედიას სუს-ის უფროსთან მიახლოების საშუალებას მისი დაცვა არ აძლევდა.
ლილუაშვილმა თქვა, რომ "სასულიერო პირებთან და ეკლესიასთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია მსოფლიოში".
ფაილებიდან, რომლებმაც 13 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონა, ირკვევა, რომ სისტემურად უსმენდნენ სასულიერო პირებს და მათთან დაახლოებულ პირებს. ფაილებში აღრიცხულია მათი სატელეფონო საუბრები და პირადი ცხოვრების დეტალები.
გრიგოლ ლილუაშვილის თქმით:
"გამოძიების შედეგად დადგება ის, რა პროვოკაციაც იგეგმებოდა, გაირკვევა სიმართლე და ყველას საკადრისი პასუხი გაეცემა. სასულიერო პირებთან და ეკლესიასთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია მსოფლიოში. ვერ მოიგებენ ვერც საქართველოში, ასე რომ, ყველაფერი წინ არის და დაელოდეთ".
მისივე განცხადებით, უწყება პასუხისმგებლობას იღებს ყველა იმ მოვლენაზე, რომელიც უსაფრთხოებას უკავშირდება.
"თქვენ რა იცით, რომ სუს-ის თანამშრომლები არ გადიან გამოკითხვას. რა თქმა უნდა, იკითხებიან სუს-ის თანამშრომლები. დაელოდეთ გამოძიებას, საკმაოდ გამჭვირვალედ მიმდინარეობს". - თქვა მან.
კითხვაზე, რატომ არ იბარებს პროკურატურა გამოკითხვაზე თავად მას, ლილუაშვილი პასუხობს:
"მე რა შუაში ვარ".
***
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა 13 სექტემბერს გაჟონა.
ფაილებში ასევე არის პირადი ინფორმაცია სინოდის წევრებზე, პატრიარქის მოსაყდრეზე, მღვდელმთავრებზე, პატრიარქის თანაშემწეებზე, ეპისკოპოსებზე, მონაზვნებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს.
ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებს, ასევე, ელჩებს და საელჩოების თანამშრომლებს.
ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება.
ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ფაილებში ფიგურირებს.
პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.
სუს-ის ფაილების საქმეზე უკვე გამოიკითხნენ მედიის წარომადგენლები, მათ შორის ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე და ჟურნალისტები, ქეთი ნადიბაიძე და მარტა ქურასბედიანი.
ასევე, ტვ პირველის ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია და მთავარი არხის ხელმძღვანელი, ნიკა გვარამია. პროკურატურა შევიდა On.ge-შიც და მასალები მოითხოვა.